понедельник, 28 июля 2014 г.

დათო ახლოურის პოეზიის საღამო


   5 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით   ბიბლიოთეკის დარბაზში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა. ავტომატიზაციის განყოფილების ორგანიზებით ბიბლიოთეკამ  დაიწყო  ღონისძიებათა ციკლი,  რომელიც მიზნად ისახავს შეხვედრებსა და საუბრებს ჩვენს ვირტუალურ Facebook-ელ მეგობრებთან,  ცნობილ ადამიანებთან, რომელთა შემოქმედება, ღვაწლი საინტერესოა ჩვენი მკითხველებისათვის. ვირტუალური  გაცნობა და მეგობრობა რეალში გაგრძელდება.  ამჯერად ზუგდიდელი საზოგადოების წინაშე დათო ახლოური-გორელი პოეტი- წარსდგა.
    დათო ახლოური გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკო სამადაშვილის  პრემიის  ლაურეატი, ლიტერატორთა  და ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი,   ჟურნალ  „ჩვენი უნივერსიტეტისა“ და  გაზეთების  „ყაყაჩოს“,  „ლიტერატურული ქართლის,“  „გორის უნივერსიტეტის“  მთავარი რედაქტორი. 
სხვადასხვა დროს მუშაობდა  საქართველოს ენის პალატის  ახალგორის განყოფილების უფროსად, საქართველოს   მწერალთა  კავშირის  ახალგორის   წარმომადგენლობის თავმჯდომარედ.  შიდა ქართლის  ახალგაზრდა მწერალთა  კლუბ  „პარნასის“  ხელმძღვანელად,  ცხინვალის  რეგიონის  ახალგაზრდული  გაზეთის  „მშვიდობა“  მთავარ რედაქტორად,  გაზეთ  „ლიტერატურული  ცხინვალის“  პასუხისმგებელ  მდივნად.
   დათო ახლოური არის  23 წიგნის ავტორი, მათ შორის 9  მონოგრაფიისა. ქართულ პრესაში  გამოქვეყნებული აქვს  800-ზე მეტი  პუბლიცისტური ნარკვევი. 
     ლამაზად მორთული დარბაზი მზად იყო პოეტის მისაღებად.   აქ გამოიფინა დათო ახლოურისგან საჩუქრად მიღებული ჟურნალ  „ჩვენი უნივერსიტეტის“  სხვადასხვა ნომრები. 
     შეხვედრა გახსნა და ღონისძიებას გაუძღვა ავტომატიზაციის განყოფილების გამგე-ირმა კვირკვია. 
დამსწრე საზოგადოების სახელით პოეტს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია. 
 პრეზენტაციის ფონზე წაკითხულ იქნა დათო ახლოურის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბიოგრაფიული  ეპიზოდები. 
შემდეგ ჩვენმა მკითხველებმა ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის რჩეული ლექსები:„მცხეთა“, „ცრემლი, სიყვარული“, „სამშობლო დღესაც  ჩემთვის ვარდია“,  „წამო, წავიდეთ“,  „ ვაჟა ფაველას“,  „ჩემი საუნჯე ხარ, ჩემი სიცოცხლე ხარ“,  მინიატურები- „ცრემლი, სიყვარული“
 და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ-ანა ფარცხალაძე-- I საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, გვანცა მაკალათია ---კერძო სკოლა „ჩირაღდნის“  მე-12კლასის მოსწავლე, ლევან ქაჯაია -მე-9 საჯარო სკოლის  მე-7 კლასის მოსწავლე, დიმიტრი ქარჩავა -I  საჯარო სკოლის მე-7კლასის მოსწავლე,  ვახო ნანავა --I  საჯარო სკოლის   მე-10კლასის მოსწავლე. 
ამის შემდეგ  ასპარეზი პოეტს დაეთმო.   
დათო ახლოურის პოეზიის მოყვარულებითა და მოწვეული სტუმრებით სავსე დარბაზში  პოეტისათვის ჩვეული ინტონაციით იქნა წაკითხული  ლექსები. . ემოციები დაიღვარა დარბაზში.  პოეტს მისი „ფანი“-დათო ჩარგაზიაც აყვა და თავისი საყვარელი ლექსი წაუკითხა პოეტს.
  პოეტს ძალიან უყვარს სამეგრელო, მეგრული კულტურა, სიმღერები. ორგანიზატორებმა ეს გავითვალისწინეთ და  ღონისძიებაში ჩავრთეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გოგონათა  ანსამბლი. (ხელმძღვანელი-ქეთევან კილასონია). მათ შეასრულეს მეგრული სიმღერები.  
საღამოს ბევრი სტუმარი ესწრებოდა. სენაკიდან ჩამოვიდა ქალთა ტრიო-„კოლხური ტრიო“. ამაღელვებელი იყო მათი გამოსვლა.
საღამოს ესწრენოდნენ და პოეტს მიესალმნენ-საბავშვო პოეტი-მანანა ტონია, ჟურნალისტი-ფატი ნაჭყებია,  პოეტები-ზეინაბ სარია, გია ჟიჭონაია,   ჯული ჩაკაბერია, გიმნაზია  „ჯიჯის“ დირექტორი-ჯამბულ ნაჭყებია.
       ჩვენ პოეტისთვის სიურპრიზი მოვამზადეთ. ზუგდიდელმა სიმღერების ავტორმა -მედიკო კვარაცხელიამ დათო ახლოურის  ორ ლექსზე დაწერა სიმღერები. საღამოზე შედგა მათი პრემიერა ნიაკო კვარაცხელიას შესრულებით. ქალბატონი მედიკო და ნიაკო აქტიურად თანამშრომლობენ ბიბლიოთეკასთან და ხშირად მონაწილეობენ ღონისძიებებში.  
      გორიდან დათო ახლოურთან ერთად გვეწვივნენ მისი მეგობრები, რომლებიც მიესალმნენ ზუგდიდელ საზოგადოებას და ასევე ისაუბრეს პოეტზე.
საღამოს დასასრულ, ავტომატიზაციის განყოფილების ინიციატივით დათო ახლოური დაჯილდოვდა სიგელით-საპატიო ვირტუალური მკითხველი. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედია ჩვენი სოციალური ქსელების მეგობართა შორის.
    დათო ახლოურის პოეზიის საღამო დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა.მას ესწრებოდნენ ასევე  პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. 
ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ მიერ გადაღებულ იქნა რეოპორტაჟი ღონისძიებაზე.
დათო ახლოურის მეგობარმა, მწერალმა გერონტი გოგინაშვილმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ათამდე საკუთარი  რომანი თავისი ავტოგრაფით.
პოეტისა და მისი მეგობრების საპატივცემულოდ გაიმართა ალა-ფურშეტი. 

დათო ახლოურის პოეზიის საღამო   საბიბლიოთეკო  კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. კმაყოფილი მკითხველები ელიან ციკლის მომდევნო ღონისძიებებს-შეხვედრებს  Facebook-ელ მეგობრებთან,  ცნობილ ადამიანებთან.

Комментариев нет:

Отправить комментарий