пятница, 21 июня 2013 г.

საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა



       28 მაისს  თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა  საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა.  მასში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
     თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, ფოიეში გამოიფინა კვირეულის ფარგლებში  საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა; საკონფერენციო დარბაზში კი-უნიკალური ფოტოები ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმიდან.


     აგრეთვე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით, თსუ–ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას გამომცემელთა წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იასეკ ლევინსონი ეწვია და საინტერესო ლექცია-მოხსენება ჩაატარა ბიბლიოთეკარებისათვის. 


     იასეკ ლევინსონი 7 წელია მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო გამომცემლობაში – „Wiley“ -ში მუშაობს. მას  წიგნის დისტრიბუციის საკუთარი სააგენტო 2002 წლიდან აქვს. მანამდე კი მას ვარშავაში ორი წიგნის მაღაზია ჰქონდა.
       იასეკ  ლევინსონის მოხსენების პირველი ნაწილი დაეთმო  ელექტრონულ რესურსებს (ელ.ჟურნალებს და ელ.წიგნებს) „Wiley“-დან, ხოლო მეორე ნაწილში მან  წარმოადგინა თავისი ორგანიზაციის სერვისების პრეზენტაცია და ისაუბრა  შესაძლებლობებზე და წიგნის შეკვეთის შესახებ.

       საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიბლიოთეკარებს გააცნო  პროექტი - „საჯარო ბიბლიოთეკების მომსახურეობის მოდერნიზაცია“ და  ისაუბრა სამხრეთ აფრიკაში გამართული კონფერენციის  „მსოფლიო ბიბლიოთეკები 2013“-ის  შესახებ.
        საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვის  ბოლო ნაწილი დაეთმო საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკების  მიერ  წარმოდგენილ პრეზენტაციებს  თავიანთ ბიბლიოთეკებში დანერგილი ინოვაციების შესახებ. წარმოდგენილი იყო ათამდე პრეზენტაცია. 
      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია წარმოადგინა  ავტომატიზაციის განყოფილების გამგემ-ირმა კვირკვიამ. მან ისაუბრა ბიბლიოთეკაში დანერგილი ისეთი ინოვაციური პროექტების შესახებ, როგორიცაა ცოცხალი ბიბლიოთეკა, მობილური ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია, ციფრული ფოტოკოლექცია, ბიბლიოთეკის ბლოგი და სხვა ღონისძიებების შესახებ.





      პრეზენტაციები შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ. გამოვლინდა სამი საუკეთესო პრეზენტაცია და გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
     პირველ ადგილზე გავიდა რუსთავის ცენტრალური ბიბლიოთეკა, მეორე ადგილზე-ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა,  ხოლო მესამე ადგილზე-ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა.



დასასრულ, გაიმართა ვახშამი.

 საბიბლიოთეკო კვირეული-2013 დაიხურა.