понедельник, 1 апреля 2013 г.


       24 მარტს ზუგდიდის არტ-გალერეაში ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური  ბიბლიოთეკა, ეროვნულ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ცოტნე დადიანის დარბაზი“ და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე.
  თავდაპირველად სტუმრებმა დაათვალიერეს ზუგდიდის ღირშესანიშნაობები-მუზეუმი, დადიანების სასახლე, კარის ეკლესია, პარკი, ემთხვივნენ ღვთისმშობლის კვართს,  გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, შემდეგ კი საღამოს დაწყებამდე ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ, ტარიელ ხარხელაური და ელგუჯა ბურდული გახდნენ ბიბლიოთეკის საპატიო მკითხველები, ბიბლიოთეკარმა გააფორმა მათი ფორმულარები.
      საღამოს სპეციალური მოწვევით დაესწრნენ პოეტის მეგობრები-გელა დაიური, გიორგი ფარეშიშვილი, ელგუჯა ბურდული, ომარ ქუცნაშვილი, ერეკლე საღლიანი, ეკა ბაიაშვილი, თამარ ალადაშვილი, ასევე ქართულ-ნორვეგიული ოჯახი-ვოგების ოჯახი და ა.შ.  შესრულდა პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები.
     შეიძლება ითქვას, საღამო ორი ნაწილისაგან შედგებოდა, თავდაპირველად იგი მასპინძლებმა გახსნეს და დიდებულ სტუმარს მისივე ლექსები წაუკითხეს. ბიბლიოთეკის მკითხველებმა, ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა(ირაკლი გულუა, ანი მალანია, ნათია ჩხაპელია, რეზო ზარანდია, გიორგი საჯაია)  ამაღელვებლად შეასრულეს ბატონი ტარიელის პატრიოტული თუ სატრფიალო ლირიკა. ასევე დიდი ემოციურობით გამოირჩეოდა  ავტორის ლექსებზე დაწერილი სიმღერები, რომლებიც შეასრულეს ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა გუნდ  „მახარიასა“ და გოგონათა ხალხურ საკრავთა ორკესტრ „მაფშალიას“ ბავშვებმა.  პოეტს მიესალმნენ  ზუგდიდელები-რეზო შეროზია(ენათმეცნიერი) და ნესტან ფიფია(ფილოლოგი).



 ანსამბლ „გორდელას“ სოლისტმა-თამარ ალადაშვილმა,  ტარიელ ხარხელაურის შვილიშვილმა  და ლუკა ვოგიმ  შეასრულეს სიმღერები, მათ შორის ცნობილი-„გოგონა, რომელსაც უყვარდა წვიმა“,  „ხმელო ფოთოლო“, „შენ ჩემო დიდო ტკივილო!“ 
ხარხელაურის ოჯახის მეგობარმა-ეკა ბაიაშვილმა შეასრულა პოეტის ლექსზე-„ვერკვლის ციხე“  შექმნილი  სიმღერა.
ქართულ-ნორვეგიული ოჯახის წევრებმა-სვენ და ლუკა ვოგებმა სიურპრიზი მოუწყვეს ზუგდიდელ მაყურებელს და შეასრულეს მეგრული სიმღერა-„ჩელა“. 
სამხატვრო გალერეა  ძლივს იტევდა ტარიელ ხარხელაურის პოეზიის მოყვარულ ზუგდიდელებს. 


მადლიერი პოეტი ვერ მალავდა ემოციას მისადმი გამოხატული სითბოსა და დიდი სიყვარულისათვის, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში იღვრებოდა დარბაზში. 
საღამოს დასასრულ,  ორგანიზატორებმა-ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ-ლარისა როგავამ და ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობა „ცოტნე დადიანის დარბაზის“  ხელმძღვანელმა-კონსტანტინე კაკავამ  სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს საპატიო სტუმრებს.

საღამოს ესწრებოდნენ ქალაქის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პრესისა და ტელევიზიის თანამშრომლები.  პოეზიის საღამო გააშუქა ადგილობრივმა ტელეკომპანია-„ოდიშმა“.
პოეტმა დაარიგა სამახსოვრო ავტოგრაფები და გადაიღო სურათები ზუგდიდელ მკითხველებთან.
ლამაზი საღამოს დასასრულ სტუმრების პატივსაცემად გაიმართა ვახშამი რესტორან „დიარონში“.


  იმედი   გვაქვს,  ხევსურული საღამოების ჩატარება ზუგდიდში ტრადიციად იქცევა და ზუგდიდი არაერთხელ უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის  წარმომადგენელთა ლამაზ საღამოებს.