понедельник, 20 мая 2013 г.

კონკურსი-„ქართული კალიგრაფია“


      კონკურსი „ქართული კალიგრაფია“  ზუგდიდში წელს პირველად  ჩატარდა. როგორც იცით, საქართველოს მაშტაბით თბილისში იგი  2010წლიდან ტარდება და მის მსგავსად ჩვენთანაც ყოველწლიური კონკურსის სახეს მიიღებს.
   კონკურსის ჩატარების იდეა  ეკუთვნის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს.  პროექტის ორგანიზატორები არიან-ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.
    კონკურსი სამ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად რესურსცენტრის მეშვეობით დაუწყებულ იქნა სკოლები, დარიგდა კონკურსის აფიშები და დებულებები.  
  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ქალაქ ზუგდიდის საჯარო თუ კერძო სკოლების  VIII-XII კლასის მოსწავლეებმა. მსურველებმა 25 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით  ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეს ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილებაში.

რეგისტრაციის პარალელურად მათ ჩააბარეს კონკურსის დებულების  მოთხოვნებით შესრულებული თავიანთი ნამუშევრები-მხედრული კალიგრაფიით დაწერილი 100-150 სიტყვიანი ტექსტი სახელისა და გვარის მიუთითებლად. ნამუშევრებს მიენიჭათ სპეციალური კოდი. 

     მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფდა კვალიფიციური ჟიური: გურგენ სართანია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,  რევაზ ხაინდრავა-სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბელა მოსია-შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ანდრია კემულარია, ჯანსუღ ჭურღულია-სამხატვრო სკოლის დირექტორი.
 
 

50-მდე ნამუშევრიდან II ტურში გადავიდა 18 მოსწავლე.
   II ტური ჩატარდა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და მოსწავლეებმა უკვე ადგილზე შეასრულეს დავალება-ძველი ხელნაწერის ასლის გაკეთება-ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან მიღებული ნიკო დადიანის წერილის ასლი. 
ყოველი ტურის შედეგები გამოქვეყნდა ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ზუგდიდისა და ცაიშის  ეპარქიის  ფეისბუქის გვერდებზე.(Facebook-ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა; Zugdidi-tsaishi diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია). 
     ფინალურმა ტურმა გამოავლინა 8 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი. ესენი არიან:

 1. ილია მაჭავარიანი( II საჯარო სკოლის IX კლასი)

 2.  მეგი ჯალაღონია(აფხაზეთის XI საჯარო სკოლის  IX კლასი)

 3. სალომე ხუბულავა(I საჯარო  სკოლის XII კლასი)

 4.  ლანა  წურწუმია(XI საჯარო სკოლის  IX  კლასი)

 5.  ელენე ჯალაღონია(I საჯარო სკოლის X კლასი)

 6.  ანა თოდუა(I საჯარო სკოლის XII  კლასი)

 7. ბარბარე  ბოკუჩავა(I საჯარო სკოლის XII  კლასი)

 8. ჯანინა ბაკარანძე( I საჯარო სკოლის  IX  კლასი)

  კონკურსის დასკვნითი ტური-გამარჯვებულების გამოვლენა და მათი დაჯილდოების ცერემონიალი  ჩატარდა 14 აპრილს-დედაენის დღეს-ზუგდიდისა და ცაიშის სულიერებისა და კულტურის დარბაზში. 
    კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრები გამოიფინა დარბაზში. 

   ღონისძიება გახსნეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებმა-ლევან კაკულიამ, ლუკა ალანია, თიკო და ლევან ნარმანიებმა, ბექა ლაგვილავამ,  მარი აქუბარდიამ, ნინი ჯინორიძემ და მარი სალიამ წაიკითხეს ლექსები ენაზე. 


ნაჩვენები იქნა  პრეზენტაცია კონკურსის რეგისტრაციის, თითოეული ტურის  მიმდინარეობის შესახებ, რომელიც მომზადდა ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილებაში.

   კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა-ზუგდიდისა და ცაიშის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა დიაკონმა დიმიტრი ვეკუამ წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება ქართულ ენაზე.

     8 კონკურსანტიდან დასახელდა  I, II და  III  ადგილზე გასულები.
I ხარისხის სიგელი გადაეცა ანა თოდუას.

  II ხარისხის-მეგი ჯალაღონიას.

III ხარისხის სიგელით კი დაჯილდოვდა ილია მაჭავარიანი.

  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და კონკურსანტები დააჯილდოვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ. მან ყველა ფინალისტს სამახსოვრო საჩუქრები(წიგნები, ხატები და სანთლები) გადასცა. 

   
ფინალისტებს წარმატება მიულოცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოადგილემ-გიორგი თოდუამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ. საღამოს ესწრებოდნენ პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.


კონკურსის მიმდინარეობას პერიოდულად აშუქებდა ტელე-რადიო კომპანია „ოდიში“.


   საღამოს დასასრულ გაიმართა ალაფურშეტი, დაიჭრა სიმბოლური ტორტი, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, გაკეთდა ჩანაწერები შთაბეჭდილების წიგნში.