четверг, 27 декабря 2012 г.

სტაჟირება თბილისში

     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა  აქტიურად შეუერთდა ერთიანი საბიბლიოთეკო ელექტრონული სივრცის შექმნის პროცესს, რომლის განხორციელებაც  ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საქართველოს  პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ  და  მისი თაოსნობით  აქტიურად  აგრძელებს მუშაობას საინფორმაციო ბაზების განვითარებისათვის, სხვადასხვა მასალის გაციფრებისათვის. თავიდანვე  გარკვეული რაოდენობის ფოტომასალა აიტვირთა ეროვნულ ფოტომატიანეში.  ამჟამად კი ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ფოტოკოლექცია-ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფოტოკოლექცია. თუ აქამდე ჩვენს მიერ მოძიებულ ფოტომასალას ვუგზავნიდით  პლაკატისა და ესტამპის განყოფილების გამგეს-რუსუდან ასათიანს  და განთავსება ხდებოდა თბილისში, დღეს უკვე ადგილზე ვასრულებთ ამ სამუშაოს და ჩვენვე ვტვირთავთ ინტერნეტში  ბიბლიოთეკის მიერ მოძიებულ მასალას.
      საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას  შორის  გაფორმებული  მემორანდუმით  ელექტრონული განვითარების  სინდიკატის  ანუ დიგიტალიზაციის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს გაციფრების პროცესი.  29 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტაჟირება გაიარა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორმა თანამშრომელმა: ირმა კვირკვიამ(ავტომატიზაციის განყოფილების გამგე) და სოფო თოდუამ(ამერიკული კუთხის ასისტენტი).
     თავიდან გავიარეთ სტაჟირების კომისია(მირიან  ხოსიტაშვილი,  ია გორგიშელი,  გიორგი კილაძე,  ლევან  თაქთაქიშვილი) და შევუდექით სწავლებას პლაკატისა და ესტამპის განყოფილებაში(განყოფილების გამგე-რუსუდან ასათიანი).
      პერიოდულად შევისწავლეთ ფოტოების, ჟურნალების,  გაზეთებისა და წიგნების სხვადასხვა ფორმატში  დასკანერება, შემდეგ  pdf  ფაილად გადაქცევა.
ჟურნალ „ხომლს“  ვასკანერებ  სოფოს მეთვალყურეობით:)

და ბოლოს კი მზა მასალის ინტერნეტში ატვირთვა სპეციალურ გვერდზე-www.dspace.nplg.gov.ge:
 
გვიხარია, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯები აქ შედგა, რადგან დაგვხვდა თბილი  გულისხმიერი  სამყარო, რომლის თითოეული წევრიც  გვიზიარებდა ცოდნას და გამოცდილებას უშურველად,   რისთვისაც  დიდ მადლობას ვუხდით  საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელს-ლევან თაქთაქიშვილს, პლაკატისა და ესტამპის განყოფილების გამგეს-რუსუდან ასათიანს,  ამ განყოფილების თითოეულ თანამშრომელს-ქეთი თომაძეს,  ნინო ხმალაძეს,  თამრიკო გუშარაშვილს,  სოფო გურგენიძეს,  ლალი ბერიკაშვილს, უჩა ჯიბღაშვილს, მაკა  ტყებუჩავას...
ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში ჩატარდა ციფრული ბიბლიოთეკა-''ივერიელის'' პრეზენტაცია, სადაც მიგვიწვიეს ჩვენც.  ეს იყო  გარკვეული ანგარიში  ციფრული  ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ.   საინტერესო იყო უშუალოდ იმ პირთა მოსმენა, ვინც  წამოიწყო და აგრძელებს  ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და კოლექციების გაციფრებას, ერთიანი ელექტრონული, ბიბლიოთეკათშორისი, ინტრანეტული ქსელის შექმნასა  და ტექნიკურ გამართულობას.
პრეზენტაციაზე
 ეროვნული ბიბლიოთეკის ტელევიზიის GeolibTV-ს მიერ  ჩვენი სტაჟირების პერიოდში მომზადდა   რეპორტაჟი  ავტომატიზაციის განყოფილების  ღონისძიების-ცოცხალი ბიბლიოთეკის   შესახებ.   გიორგი კილაძისა( მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და მისი თანამშრომლების  თავდაუზოგავი შრომის შედეგად  რამდენიმე საათში  ჩემს თვალწინ  აეწყო და  ლამაზად გაშუქდა იგი.  მსიამოვნებს, რომ ამ საინტერესო და  დიდი  შრომატევადი საქმიანობის მონაწილე ვიყავი.


დიდ მადლობას  ვუხდი  გ. კილაძეს,  გ. თეთრუაშვილს, ასევე   გურანდა ბერძენიშვილსა და ნათია ჩხარტიშვილს.  
ამავე დროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეიძინა უკონტაქტო პლანეტარული სკანერი და  აქამდე ფორმატში შეზღუდულმა ციფრულმა ბიბლიოთეკამ პირველი დიდფორმატიანი გაზეთი-ივერია(1897წ.  6 დეკემბერი) გააციფრა. აღსანიშნავია, რომ ამ პლანეტარული სკანერის ვირტუალური წარდგინება  პირველად ჩვენს ბიბლიოთეკაში გაიმართა    GeolibTV-ის  მიერ მომზადებული სიუჟეტის საშუალებით. ამ მოვლენის მომსწრენიც გავხდით. ასე რომ, გვქონდა ძალიან საინტერესო ნაყოფიერი პერიოდი. 
და ბოლოს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მადლობას ვუხდით ჩვენი ბიბლიოთეკის დირექტორს-მანანა გვარამიას, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა ცოდნის დონის გაუმჯობესებაზე, იზიარებს  მათ ინოვაციურ იდეეებს  და  ყოველმხრივ უწყობს ხელს.



Комментариев нет:

Отправить комментарий