среда, 27 августа 2014 г.

ტრენინგები თბილისში

       ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ჩართულია პროექტში საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის", რომელიც  IREX-ის მიერ  Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული  და ხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან,  ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. მისი მიზანია ისეთი ბიბლიოთეკის მოდელის პილოტირება, რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს სხვადასხვა სახის სერვისები და საჭირო ინფორმაცია.
      თავდაპირველად ბიბლიოთეკების მოდერნიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა  და „Beyond Access - ბიბლიოთეკები განვითარების ხელშესაწყობად  დაინტერესებულ პირთა შეხვედრა-ფორუმი გაიმართა იუსტიციის სახლში, რომელზეც მიწვეული იყო ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა  მოხვდა ამ პროექტში. 
ღონისძიების ძირითადი მიზანი ბიბლიოთეკების როლისა და მნიშვნელობის გაზრდისთვის ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება იყო. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა კონკრეტული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ბიბლიოთეკების მოდერნიზება და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია.  ამის შემდეგ დაიწყო საპილოტე ბიბლიოთეკების შერჩევა. არჩეულ ოთხ ბიბლიოთეკათა(ხიდისთავი, ხულო, ნუკრიანი, ზუგდიდი)  შორის  ერთ-ერთი ჩვენი ბიბლიოთეკაა.
    პროექტით დაგეგმილია და პერიოდულად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:1. ადგილობრივი თანამშრომლების ტრენინგი  2.ბიბლიოთეკაში მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნა  3.უფასო ინტერნეტის, კომპიუტერის და სხვა შესაძლებლობების გაჩენა  4. სექტორის მომსახურებების, მათ შორის ონლაინ მომსახურების შეთავაზება.
    პირველი ეტაპი-ტრენინგები  ბიბლიოთეკარებისათვის  23-27 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "ლიბერთი დარბაზში"   ჩატარდა  და მათ მოწვეული კვალიფიცირებული სპეციალისტები  უძღვებოდნენ. ეს, პროექტით გათვალისწინებული ტრენინგების, მხოლოდ პირველი და ძალზედ მნიშვნელოვანი ფაზაა!
    ტრენინგების პირველ დღეს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა,
 პროექტის შესახებ ისაუბრა ასევე საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა-რუსუდან ასათიანმა.
შემდებ ტრენინგის მონაწილე ბიბლიოთეკარები დაიყვნენ ჯგუფებად, მათ მიეცათ სხვადასხვა სახის დავალებები,

 დღის ბოლოს კი ასევე ჯგუფებში მუშაობით მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები კონკრეტულ დავალებაზე. ხმათა უმრავლესობით საუკეთესოდ დასახელდა მესამე ჯგუფის პრეზენტაცია.    

                                           

                              

 სასწავლო კურსი მოიცავდა 40 საათს  და შემდეგი საკითხების შესწავლას ითვალისწინებდა:
1. შესავალი – პროგრამის მიზნები და ამოცანები 
2. კომპიუტერის საფუძვლები
3. ინტერნეტის საფუძვლები
4. ელ. ფოსტის ეტიკეტი
5. სწრაფი ბეჭდვა
6. გაფართოებული ძიება
7. კომპიუტერის კომპონენტები
8. კომპიუტერის აქსესუარები
9. სოციალური მედია 
10. ციფრული ბიბლიოთეკა (Dspace)
11. ელეტრონული კატალოგი (OpenBiblio)

ტრენინგებს უძღვებოდნენ  კვალიფიცირებული სპეციალისტები:დავით მჭედლიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუსუდან ასათიანი, თინათინ ლაღიძე, ზურაბ ბალანჩივაძე.
ტრენინგის ორგანიზატორებმა ბიბლიოთეკარების თხოვნით მოიწვიეს გურამ თაყნიაშვილი, რომელმაც პასუხები გასცა საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. 
გაკვეთილებს შორის შესვენების დროს კარგად ვერთობოდით კიდეც. მაგ. ზურა ბალანჩივაძემ   პროექტში მონაწილე ბიბლიოთეკარებს ლექციის კურსის მიღმა თავისი ცნობილი შესრულების მანერით-სტვენით-შეგვისრულა  კლასიკური ნაწარმოებები.
ტრენინგების შემდეგ საღამოობით კარგად ვერთობოდით,  დავსეირნობდით ძველი თბილისის ღირშესანიშნავ ადგილებში,  ვიკრიბებოდით სასტუმროს ფოიეში და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე,  შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. 
დიდ მადლობას ვუხდით  ყველა ტრენერს, რომელთაც ამ ხუთი დღის განმავლობაში  საინტერესო  ტრენინგები ჩაგვიტარეს,  გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა-გამოცდილება. მადლობა ქალბატონ მანანა სვანიძეს,  ტრენინგების საორგანიზაციო საქმეთა  ხელმძღვანელს,  უშუალო და თბილი დამოკიდებულებისათვის,  ის ყოველდღიურად ჩვენი საზრუნავით იყო დაკავებული და დიდ ყურადღებას გვაქცევდა, გვიქმნიდა მყუდრო და სასიამოვნო გარემოს. 
ტრენინგების დასასრულ, მისი მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.  ბიბლიოთეკარებს სერთიფიკატები გადასცეს  საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა-რუსუდან ასათიანმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ-ქეთი გომელაურმა.
ტრენინგების კურსი გაგრძელდება და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით მას. 
ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ჩვენი ბიბლიოთეკის მომავალი განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისა და ჩვენი მოსახლეობისათვის. ჩვენმა ბიბლიოთეკამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, ინფორმაციისა და სერვისების, ინტერნეტის   ხელმისაწვდომობას უახლესი ტექნოლოგიებით, ზოგადად, ელექტრონული მმართველობის განვითარებას. 

1 комментарий:

  1. დიდი მადლობა მაღალი შეფასებისა და თბილი სიტყვებისათვის!
    წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში!!!
    ამ ბლოგის აქტიური მკითხველი ვხდები :)

    ОтветитьУдалить