четверг, 13 февраля 2014 г.

ალბომების პრეზენტაცია


       ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა ალბომების გამოფენა-პრეზენტაცია.   
       ღონისძიება გახსნა აბონემენტის განყოფილების გამგემ-ინგა ქარჩავამ. მან აღნიშნა, რომ ღონისძიების დანიშნულებაა წიგნის პოპულარიზაცია, მკითხველებისთვის ახალი ლიტერატურის გაცნობა.
  
    აბონემენტისა და დარბაზის  განყოფილებებმა  მკითხველის წინაშე წარმოადგინეს ბიბლიოთეკის ფონდში დაცული 70-მდე სხვადასხვა სახის ალბომი. მათ შორის პრეზენტაციის ფონზე მოხდა 8 ალბომის წარდგენა. ეს ალბომებია-„ვეფხისტყაოსნის დასურათება“,  „საფრანგეთი“,  „ელენე ახვლედიანი“,  „საქართველოს 100 მუზეუმი“,  „დადიანები“-ფოტოალბომი,  „აღმოსავლური კოლექციები“, „ქრისტიანული  ხელოვნება“, „ხელოვნების ილუსტრირებული ისტორია“.
 
    ალბომები მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა-ნანა გამსახურდიამ, ანა ჩიხლაძემ, ირინა შენგელიამ,  ქეთი ევსიამ,  ნინო ქაჯაიამ,  უტა ალანიამ,  მარი აქუბარდიამ,  ნინო ძიგუამ.
ბიბლიოთეკის დარბაზი აზიურ სტილში იყო გაფორმებული. 

      პროექტში მონაწილეობა მიიღეს მე-2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც რამდენიმე  კლასიკური ნაწარმოები შეასრულეს.
         დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია,  „ცოტნე დადიანის დარბაზის“ დამფუძნებელი-კონსტანტინე კაკავა, გაზეთ „ეგრისის მაცნის“  რედაქტორი-ნათია ჯგუშია, მე-2 სამუსიკო სკოლის დირექტორი-ნანა ჭეჟია.
    ღონისძიების ბოლოს გაიმართა ალა-ფურშეტი და გადაღებულ იქნა სამახსოვრო ფოტოები.







воскресенье, 9 февраля 2014 г.

მანონ ბულისკერიას პოეზიის საღამო

       შემოქმედებითი გაერთიანება   „ებგურისა“  და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა პოეტ მანონ ბულისკერიას პოეზიის საღამო.  ის მიეძღვნა პოეტის ბოლო  კრებულის „ნედლი ნამხრევის“  პრეზენტაციას.
  საღამო გახსნეს ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ  და  ფილოლოგმა-ზეინაბ სარიამ.
   მანონ ბულისკერიას შემოქმედებაზე ისაუბრეს ფილოლოგებმა-ნესტან ფიფიამ და ზეინაბ სარიამ. მათ განსაკუთრებული სიყვარულით წარმოაჩინეს მისი პოეზია.
პოეტმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა თავისი ლექსები. აფხაზეთიდან დევნილი პოეტის ტკივილი და სასოება, მშობლიური ქვეყნის სიყვარული მოაქვს მკითხველამდე მის შემოქმედებას. 
მანონ ბულისკერიას ლექსები წაიკითხეს ასევე ბიბლიოთეკის მკითხველებმა.
მანონ ბულისკერიას შემოქმედებითი   წვა უკვე წლებია გრძელდება და მთელი ამ ხნის მანძილზე მან ოთხი კრებული გამოსცა.
    ახალგაზრდა პოეტს ზუგდიდმა პირველად უმასპინძლა და გულთბილად მიიღო.  შემოქმედებითმა გაერთიანება „ებგურმა“,  ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ  და მანონ ბულისკერიამ  კი ზუგდიდის ლიტერატურულ საზოგადოებას, ახალგაზრდებს  ლამაზი პოეზიის საღამო აჩუქეს.
     საღამოს ესწრებოდნენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, პრესისა და მედიის წარმომადგენლები. რეპორტაჟი პოეზიის საღამოს შესახებ მოამზადა ტელეკომპანია „ოდიშმა“.






вторник, 4 февраля 2014 г.

„ლიტერატურული ექსპრესი“ ზუგდიდის ბიბლიოთეკაში

      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა გამომცემლობა „ინტელექტისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული „შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტებთან.“
   სტუმრებს მიესალმა  ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია, მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები მკითხველებისათვის, პოეზიის მოყვარულთათვის. შემდეგ სიტყვით გამოვიდა ზვიად კვარაცხელია-მწერალი, გამომცემელი, ამ შეხვედრის ერთერთი ინიციატორი.
       საღამოზე წარმოდგენილ იქნა „ინტელექტის“ მიერ ბოლო წლებში გამოცემული თანამედროვე ქართველი პოეტების კრებულები, ასევე გამომცემლობის სხვა წიგნებიც.
თანამედროვე  პოეტების  წიგნები თავად ავტორებმა წარმოადგინეს. ახალგაზრდა პოეტები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინა ზვიად კვარაცხელიამ- ჩვენი ბიბლიოთეკის დიდმა გულშემატკივარმა და მეგობარმა. 
      საათზე მეტი ხნის მანძილზე ირაკლი კაკაბაძემ(იაკი კაბემ), გვანცა ჯობავამ და სოსო მიშველიანმა თავიანთი პოეზია გააცნეს დარბაზში შეკრებილ მაყურებელს.
ახალგაზრდა პოეტების შემოქმედება შეაფასა   კრიტიკოსმა  თამილა წოწორიამ.
სტუმრებს  გულთბილად  მიესალმნენ  ზუგდიდელები-ზეინაბ სარია, ზურაბ ცხონდია, ნიკა  ლაშხია.



საღამოს ესწრებოდნენ პრესისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები. 
ტელეკომპანია „ოდიშმა“ მოამზადა რეპორტაჟი. 

საღამოს ბოლოს გაიმართა ალაფურშეტი.

          ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზიამ -ZugdidilibTV-მ ჩაწერა  ახალგაზრდა ქართველი პოეტების  სურვილები ჩვენი ბიბლიოთეკისა და ჩვენი მკითხველებისადმი.



   ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და მკითხველებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს თანამედროვე ახალგაზრდა პოეტებთან.